გიორგი ყიფიანი - იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, შენი კლუბის ფეხბურთელები ქვეყნის ნაკრებს რომ სჭირდება #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ყიფიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გუნდის მოთამაშეების ნაკრებში გამოძახებაზე წერს.
„თბილისის „ლოკომოტივიდან“ ყოველ წელს ათამდე ფეხბურთელი ახერხებს ინტეგრირებას 17, 19 , 21 წლამდე ასაკობრივ ნაკრებებში და ეს ძალიან გასახარი ამბავია. მას მერე, რაც უმაღლეს ლიგაში დავბრუნდით, გვქონია შემთხვევა როდესაც ირაკლი სიხარულიძემ ეროვნული ნაკრების მაისურით, დებიუტშივე გაუტანა ბელარუსს. ეს ამხანაგური დაპირისპირება იყო, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და დასამახსოვრებელი დღეა ცხოვრებაში“, – წერს გიორგი ყიფიანი.
„ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი ეროვნულ ნაკრებში ბოლოს მოთამაშეების გამოძახებასაც გამოეხმაურა: „ორი დღის წინ სანაკრებო პაუზა დამთავრდა. „ლოკომოტივიდან“ ორი ფეხბურთელი, გურამ კაშია და გიორგი მამარდაშვილი იყვნენ ეროვნულ ნაკრებში. მამარდაშვილს არ უთამაშია და ვფიქრობ, არც აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ იქ იყო თავის გუნდთან ერთად, საუკეთესო 23 ფეხბურთელში. კაშიამ სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა. მას 80-ზე მეტი მატჩი აქვს ეროვნულში ჩატარებული. დღეს ვფიქრობდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, კლუბში გყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც შენი ქვეყნის ნაკრებს სჭირდება. დიდი მადლობა ამისთვის მათ“.