საქართველოს ნაკრების მოთამაშე გიორგი წიტაიშვილი „გრანადის“ ფეხბურთელია – ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვრდი ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბმა „გრანადამ“ და კიევის „დინამომ“ ფეხბურთელ გიორგი წიტაიშვილის იჯარაზე შეთანხმებას მიაღწიეს. კლუბი წითელ-თეთრების ახალ მოთამაშეს, გიორგი წიტაიშვილს მიესალმება და „გრანადაში“ თამაშისას წარმატებებს უსურვებს“, – ვკითხულობთ „გრანადას“ განცხადებაში.
გიორგი წიტაიშვილი 2000 წელს ისრაელში დაიბადა. ვარჯიშობდა კიევის „დინამოს“ ახალგაზრდულ აკადემიაში, სადაც მისი პროფესიონალურ კლუბში დებიუტი 2018 წელს შედგა. მოგვიანებით იჯარით ითამაშა პოლტავას „ვორსკლაში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, კრაკოვის „ვისლაში“, პოზნანის „ლეხსა“ და ბათუმის „დინამოში“.
ის ახალგაზრდული ასაკის უკრაინის ნაკრებების წევრი იყო და ამ ქვეყნის სახელით 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2021 წელს საფეხბურთო მოქალაქეობა შეიცვალა და ახლა საქართველოს ნაკრების მოთამაშეა.
მის საკლუბო მიღწევებს შორისაა უკრაინის ორი სუპერთასი, უკრაინის თასი და საქართველოს ჩემპიონის ტიტული. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „გრანადას“, ის 1921 წელს დაარსდა და ამჟამად ესპანეთის ლა ლიგა 2-ში (სეგუნდა დივიზიონი) ასპარეზობს.