გიორგი წიტაიშვილი - ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაში იყო #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, „გრანადამ“ გიორგი წიტაიშვილი წარადგინა, რომელიც ესპანურ კლუბში კიევის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდის შეტევას გააძლიერებს.
წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მატეო ტონოციმ („იუვენტუსის“ ყოფილი სკაუტი) გიორგის შესახებ ისაუბრა.
„წიტაიშვილი გამოცდილი ფეხბურთელია, საკმოდ საინტერესო კარიერით. ახლახან კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, მათ შორის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგაც. მას ბევრი კარგი თვისება აქვს და შეუძლია, ჩვენი გუნდის თამაში უფრო მრავალფეროვანი გახადოს“.
ჟურნალისტების კითხვებს გიორგი წიტაიშვილმაც უპასუხა და არ დამალა, რომ ესპანეთში თამაშზე ოცნებობდა.
„ესპანეთში გადასვლით აღფრთოვანებული ვარ. ყველაფერი გავაკეთებ, რომ კარგად ვითამაშო და დავამტკიცო, რომ კონტრაქტი ტყუილად არ გამიფორმებია.
საკუთარ თავზე საუბარი არ მსურს. უმჯობესია, სეზონი რომ დაიწყება, თავად იხილოთ, რას წარმოვადგენ. ორივე ფლანგზე თამაში შემიძლია და რასაც მწვრთნელი დამავალებს, იმას გავაკეთებ.
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაში იყო, კლუბის პროექტიც მომეწონა. ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს, ჩემი ქალიშვილი აქ დაიბადა და როდესაც „გრანადა“ დამიკავშირდა, გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი არ მიფიქრია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ისტორიული კლუბის ღირსეული წარმომადგენელი გავხდე.
ესპანეთში ჩემი რამდენიმე მეგობარი თამაშობს და ვიცი, ასეთი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქვეყანაში როგორი მოთხოვნებია. რაც შეეხება კიევის „დინამოს“, არ ვიცი, რატომ არ მომეცა უფრო მეტი სათამაშო დრო. თუმცა, ეს კარიერის განვლილი ნაწილია, მე კი ის მაინტერესებს, რაც ახალ სეზონში მოხდება“.