გიორგი შერმადინმა ყოფილ გუნდ „უნიკახას“ 25 ქულა ჩაუგდო და ესპანეთის ჩემპიონატში ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მისივე ყოფილი გუნდი „უნიკახა“ მიიღო და ქართველი ცენტრის წინამძღოლობით დაძაბულ ბრძოლაში – 91:84 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
…არა მხოლოდ მატჩის – ის ტურის MVP-დაც აღიარეს. ესპანეთში გადასვლის შემდეგ ეს მეჩვიდმეტედ მოხდა. ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოდ კი ყველაზე მეტჯერ არვიდას საბონისი და ლუ რო დასახელებულან – 19-19-ჯერ. ასე რომ, შერმადინს ისტორიულ რეკორდამდე ორი აღიარებაღა აშორებს.
გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ არასრულ 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 10-იდან 8 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.
მთლიანობაში, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36 შეადგინა.
„ტენერიფემ“ 11 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ამასთან, „რეალს“, „ბარსელონასა“ და „ბასკონიას“ მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. ამ მოგებით „ტენერიფემ“ ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობა გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ თასამდე დარჩენილ დროში (თებერვლის შუა რიცხვები) შერმადინის გუნდი არასგზით არ ჩამოსცდება მე-8 ადგილს.
ტენერიფელებმა ესპანეთის სამეფო თასის საგზური გაინაღდეს, მომდევნო მატჩს კი, 14 იანვარს სტუმრად, შერმადინის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ „სარაგოსასთან“ ჩაატარებენ.