გიორგი შერმადინი ესპანურ „ტენერიფეში“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. ქართველმა წინახაზელმა კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
იგი „ტენერიფეში“ 2019 წელს გადავიდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად ესპანურ სარბიელზეც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და საერთაშორისო ასპარეზზეც. მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი და ჩემპიონთა ლიგა.
არც ინდივიდუალური ტიტულები მოჰკლებია – 2021 და 2023 წლებში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მისი დატოვება გუნდის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო.
„კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემი ოჯახისთვის სასიამოვნო ამბავია. ტენერიფეზე ცხოვრებაც მოგვწონს და კლუბშიც თავს კარგად ვგრძნობ. თანაგუნდელების დახმარებით ორჯერ მოვიგე MVP-ის ტიტული. ახალი სეზონიდან ახალი გამოწვევები გველის“, – ამბობს გიორგი შერმადინი.