გიორგი შერმადინმა კორონავირუსიც დაამარცხა და „კარშიაკაც“ [ვიდეო] #1TVSPORT
სამკვირიანი შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. მას და კიდევ ოთხ ტენერიფელს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდათ და 12 იანვრამდე გასამართი ყველა მატჩი გადაიდო. წლის პირველი შეხვედრა „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამართა – პლეი ინში თურქულ „კარშიაკას“ უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 76:69.
გადამწყვეტი შერმადინის მოქმედება აღმოჩნდა: საფინალო სირენამდე 1.5 წუთით ადრე მან მეტოქის კალათიდან მოხსნილი ბურთი უკან ჩააბრუნა და თანაგუნდელები 73:69 დააწინაურა. 27 წამით ადრე კი კარგი ბლოკით სატყორცნ პოზიციაზე დატოვა სასუ სალნი რომელმაც სამქულიანით ხუთქულიანი უპირატესობა დააფიქსირა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
შერმადინმა 31 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 21 ბალიანი სარგებლიანობის კოეფიციენტით ის მატჩის საუკეთესო გახდა. მარსელინიო უერტასმა ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 10 პასი.
ამ მოგებით „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. „კარშიაკასთან“ განმეორებითი შეხვედრა 18 იანვარს თურქეთში გაიმართება. შერმადინის თანაგუნდელები ჯგუფში ექვსბურთიანი სხვაობით წაგების შემთხვევაშიც მოხვდებიან.