გიორგი შერმადინმა „გრან კანარიასთან“ 12 ქულა ჩააგდო და ესპანეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის წამყვან საკალათბურთო ქვეყნებში თასის გათამაშებები მიმდინარეობს. თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ გუშინ მოიპოვა იტალიის თასის ნახევარფინალის საგზური. იგივე შედეგი გაიმეორა დღეს გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც ესპანეთის თასზე კანარის კუნძულების დერბიში „გრან კანარია“ 89:73 დაამარცხა.
„ტენერიფემ“ თავიდანვე მოიპოვა დიდი უპირატესობა, საწყის 20 წუთში 55:38 დაწინაურდა და შეხვედრის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტა.
შერმადინმა 19 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 6 ორქულიანი სტყორცნა და ექვსივე კალათაში მოათავსა.
26 ქულამდე ავიდა მისი თანაგუნდელი ხაიმე ფერნანდესი.
1/2-ფინალში „ტენერიფეს“ მეტოქე „ბასკონიასა“ და „ხუვენტუდს“ შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი „რეალმა“ და „უნიკახამ“ შეადგინეს. საინტერესოა, რომ უნიკახელებმა მეოთხედფინალში „ბარსელონა“ ორქულიანი სხვაობით (89:87) დაამარცხეს.