გიორგი შერმადინმა არვიდას საბონისს გადაასწრო და ესპანეთში ისტორიული რეკორდი დაამყარა - ყველაზე მეტჯერ დასახელდა ტურის საუკეთესო კალათბურთელად [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინმა ევროპის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის კიდევ ერთი, საკმაოდ პრესტიჟული რეკორდი დაამხო. „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი 25-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამით ის ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.

შერმადინმა ესპანეთში ტურის MVP-ს ტიტული მეოცედ მოიგო, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია. აქ უთამაშია არვიდას საბონისს, ლუკა დონჩიჩს, ესპანური კალათბურთის არაერთ ვარსკვლავს, თუმცა ყველაზე მეტჯერ ეს პრესტიჟული ჯილდო, რასაც ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჰქვია, ქართველმა დაიმსახურა.

შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა, 25-ე ტურის შემდეგ კი იმავე პრიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო „ანდორასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ს ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს.

აქვე დავძენთ შერმადინის კიდევ ერთ და ალბათ ყველაზე პრესტიჟულ შედეგს: ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ – 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გამხდარა.