გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ წაუგებელი სერია ბადალონაში შეწყდა [ვიდეო] #1TVSPORT
თვენახევრიანი წაუგებელი სერიის შემდეგ გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა. 23 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ ტენერიფელებს ლიგა ენდესაში მოგებული ჰქონდათ ზედიზედ 5 შეხვედრა, შაბათს გამართული მე-6 მატჩი კი წარუმატებელი აღმოჩნდა. „ტენერიფემ“ ბადალონაში „ხუვენტუდთან“ ითამაშა და 69:78 დამარცხდა.
შერმადინის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტ 10 წუთში ყველა კომპონენტში დაიჩაგრა და 18 ქულით წააგო – 12:30. მიუხედავად მარცხისა, კუნძულელებმა ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნეს.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეს“ 18 ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს, მე-12 ტურში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.