გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „სარაგოსა“ დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარულ ეტაპზე ბოლო, 34-ე მატჩი გამართა. კუნძულელებმა გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ „სარაგოსას“ უმასპინძლეს და 92:69 დაამარცხეს.
წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით ცენტრ გიორგი შერმადინსა და გამთამაშებელ მარსელინიო უერტასს. ქართველმა 24 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბრაზილიელმა – 16 ქულა და 6 პასი.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელებად სწორედ უერტასი და შერმადინი დასახელდნენ.
„ტენერიფემ“ ამ გამარჯვებით რეგულარული ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა (24 მოგება, 10 წაგება). სწორედ ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა მალაგის „უნიკახასაც“, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგი „ტენერიფემ“ აჩვენა და „უნიკახა“ მეხუთე იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში შერმადინის გუნდი სწორედ მალაგელებს დაუპირისპირდება და თუ გადამწყვეტი მატჩი გახდა საჭირო, ტენერიფეზე გაიმართება.