გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ პლეი ოფის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა და მისმა „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის 32 ტურის შეხვედრა გამართეს და მეოცე მატჩი მოიგეს. კუნძულელებმა შინ „მანრესას“ 94:83 სძლიეს. ამ გამარჯვებით „ტენერიფემ“ რეგულარული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა პლეი ოფის საგზური.
„მანრესასთან“ შერმადინი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 20 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მასპინძელთა ბომბარდირი კაილ ვილტიე გახდა (19 ქულა), 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო ფინელმა სასუ სალინმა (ჯამში 18 ქულა).
„ტენერიფე“ უახლოეს მატჩს 6 მაისს ისრაელის „ჰოლონთან“ გამართავს. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება. ოთხთა ფინალის სათამაშოდ გუნდები ესპანეთის ქალაქ ბილბაოში იკრიბებიან. მეორე წყვილში ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანური „მანრესა“ და გერმანული „ლუდვიგსბურგი“ წარდგებიან.