გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ლიგა ენდესას“ ფინალური ეტაპის დაწყების შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა.
„უნიკახასთან“ და „ბასკონიასთან“ განცდილი მარცხების შემდეგ, „იბეროსტარი“ „ბილბაო ბასკეტს“ დაუპირისპირდა და 70-78 დამარცხდა.
გიორგი შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 19:03 წუთში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
„იბეროსტარ ტენერიფე“ სამი წაგებით „ა“ ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. ვალენსიაში მიმდინარე ფინალურ ეტაპზე შერმადინის გუნდს კიდევ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.