გიორგი შერმადინის საუკეთესო მატჩი სეზონში - „ტენერიფემ“ კანარულ დერბიში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ტენერიფეს“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა. კანარის კუნძულების დერბიში „ტენერიფემ“ „გრან კანარიას“ სტუმრად, ოვერტაიმში 94:82 სძლია.
შერმადინმა მატჩი კარგად დაიწყო – პირველ ტაიმში 16 ქულა ჩააგდო, მისმა გუნდმა კი საწყისი 20-წუთიანი მონაკვეთი 45:29 მოიგო.
გიომ მეოთხე პერიოდი ხუთეულში დაიწყო, თუმცა მალევე მიიღო მეოთხე ფოლი და მწვრთნელმა მისი ბოლო წუთებისთვის შემონახვა გადაწყვიტა. „გრან კანარიამ“ სწრაფი თამაშთ ჯერ ანგარიში შეამცირა, შემდეგ კი 69:67 დაწინაურდა. სწორედ ამ დროს მოედანზე დაბრუნდა შერმადინი და, შეიძლება ითქვას, „ტენერიფე“ მოგების გზაზე დააბრუნა – ორი ურთულესი ტყორცნა გამოიყენა (71:69).
მატჩის დასრულებას 12 წამი უკლდა, როცა იმავე შერმადინის ბლოკის შემდეგ კარგად გამოთავისუფლდა გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი და სხვაობა ორამდე გაზარდა – 74:72. თუმცა კანარელმა ლემერსმა სტუმრებს ძირითად დროში გამარჯვება არ დაანება – ბოლო წამზე ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. იქ კი უერტასი-შერმადინის წყვილმა თავისი საქმე გააკეთა, თანაგუნდელებმაც მხარი აუბეს და, როგორც მოგახსენეთ, გამარჯვება „ტენერიფეს“ დარჩა.
შერმადინმა 27 წუთში 24 ქულა (7/7 ორქულიანი, 6/6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ეს მაჩვენებელი მატჩის ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 იყო.
„ტენერიფეს“ 6 მოგება, 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.