ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „გრან კანარიას“ შეხვდა და 77:89 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, თუმცა მისი გარჯა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თანაგუნდელ საშუ სალინს ჩამორჩა, რომელმაც ქართველზე 1 წუთით მეტი ითამაშა. შერმადინმა 23 ქულა ისე მოაგროვა, რომ 9-დან 7 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ცენტრს ასევე 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ორჯერ დაკარგა. დაკარგვებში „საუკეთესო“ იყო მარსელინიო უერტასი, რომელმაც ბურთზე კონტროლი 9-ჯერ დაკარგა და ტენერიფელთა მარცხიც დიდწილად ამით იყო განპირობებული.
14 მოგებითა და 9 მარცხით „ტენერიფე“ ცხრილში მე-6 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 29 მარტს, ტენერიფელები ბექა ბურჯანაძის „ბეტისს“ უმასპინძლებენ. „ბეტისი“ ამ ტურის შეხვედრას დღეს, სტუმრად „უნიკახასთან“ ჩაატარებს.