გიორგი შერმადინის 16 ქულა და „უნიკახას“ დამაჯერებელი გამარჯვება „ლიგა ენდეზაში“
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, მიმდინარე სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვა მალაგას „უნიკახამ“. გიორგი შერმადინის გუნდმა, საკუთარ დარბაზში, „ობრადოირო“ დამაჯერებელი სხვაობით ანგარიშით 96-76 დაამარცხა. მალაგელთაგან ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა კალათბურთელმა შეიტანა.
შერმადინმა 16 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა აქტივში. აღსანიშნავია, რომ ქართველ სპორტსმენს არცერთი ტყორცნა არ გაუფუჭებია, 4-დან 4 ორქულიანი და ამდენივე საჯარიმო გამოიყენა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი, ამ მაჩვენებლით, თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, მალაგური კლუბი ბოლო მეოთხედის წინ 22 ქულის სხვაობით ლიდერობდა და დასკვნით ათწუთეულს ყველანაiრი ინტრიგა დაკარგული ჰქონდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „უნიკახა“ „ლიგა ენდეზას“ გათამაშებაში, მერვე ადგილზეა და საპლეიოფო ზონაში იმყოფება. ჟოან პლაზას გუნდის მომდევნო მეტოქე „ბარსელონა“ იქნება.
შეხვედრა კატალონიაში 14 იანვარს გაიმართება.