გიორგი შერმადინის 15 ქულა და „უნიკახას“ დამაჯერებელი გამარჯვება „სარაგოსასთან“
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-11-ე ტურის მატჩები გაიმართა. სეზონის, მე-8-ე გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“. მალაგელებმა სტუმრად „სარაგოსა“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 102-77 დაამარცხეს. ამ წარმატებაში, სოლიდური წვლილი, ქართველმა ცენტრმა შეიტანა. შერმადინი თამაშში, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22 წუთში: 15 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა. გიორგიმ 6 დან 4 ორქულიანი და 7 დან 7 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ჟოან პლაზას გუნდმა, მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ, „უნიკახა“ „ლიგა ენდეზაში“ მე-8-ე ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს, მალაგელები, ასევე სტუმრად, ტენერიფეს წინააღმდეგ ჩაატარებენ.