გიორგი შერმადინის 11 ქულა „ტენერიფეს“ გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 შეხვედრა გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ და მეექვსედ დამარცხდა. კანარის კუნძულებზე ჩასული „ბრეოგანისგან“ ალბათ არც მისი ბევრი გულშემატკივარი ელოდა გამარჯვებას, მით უმეტეს, რომ პირველი ტაიმი „ტენერიფემ“ 55:44 მოიგო. თუმცა სტუმრებმა მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 92:87 გაიმარჯვეს.
შეუჩერებელი იყო კანადელი ტომას სკრაბი, რომელმაც გამარჯვებაში 26-ქულიანი წვლილი შეიტანა.
ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა მარსელინიო უერტასმა ჩააგდო. გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო:
20 წუთი, 11 ქულა (4/2 ორქულიანი, 7/7 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
„ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში 6-6 მოგება-წაგება აქვს და მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩემპიონთა თასზე 5 დეკემბერს „ვეფ რიგასთან“ გამართავს.