გიორგი შერმადინი - ყველაზე სასარგებლო ესპანეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ორი მატჩი გადაიდო, რის გამოც ჯერ საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა ვერ მოხერხდა. არავინ იცის, „ესტუდიანტესი“-„გრან კანარიისა“ და „რეალი“-„ობრადარიოს“ მატჩში ვინმე თუ უჩვენებს გიორგი შერმადინზე უკეთეს შედეგს. ამიტომ, ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური საიტის ჟურნალისტები MVP-ის დასახელებას არ ჩქარობენ.

თუმცა საიტზე ერთი პუბლიკაცია მაინც დადეს, რომელსაც შერმადინის ეფექტური ფოტო დაურთეს. სტატიას ჰქვია – „მეხუთე სათამაშო დღის ყველაზე ფასეული კალათბურთელები“.

დასახელებულია გიორგი შერმადინი („ტენერიფე“) და ჰაიმე ეჩენიკი (სან სებასტიანისგიპუსკოა“). ქვემოთ ვკითხულობთ:

„გიორგი შერმადინი ჩვენთვის კარგად ნაცნობი გვარ-სახელია – რეგულარულად ხვდება საუკეთესოობის კანდიდატთა შორის. მან ამჯერად „ფუენლაბრადა“ დაამარცხა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 29 ჰქონდა.

ქართველი წინახაზელი მოედანზე 25 წუთი იყო და 17 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა მიამატა. ამასთან, გიორგის აქტივში 2 დაფარება და მეტოქის 7-ჯერ დაჯარიმებაა. იგი, როგორც სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც შეუჩერებელი იყო ფარქვეშ.“

რაც შეეხება შერმადინის კონკურენტ ჰაიმეს, მასაც 29-ბალიანი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. „გიპუსკოამ“ კი „სარაგოსა“ დაამარცხა.

დაველოდოთ ტურის დარჩენილ მატჩებს. „ესტუდიანტესი“-„გრან კანარია“ 15 ოქტომბერს გაიმართება, „რეალი“-„ობრადარიო“ – 20-ში.

 

საუკეთესო ლიგაში

ამასობაში გიორგი შერმადინი თვის საუკეთესოობისკენ მიისწრაფვის. საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლებით  იგი პირველია. გიორგის 5 ტურის შემდეგ მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 23.5 აქვს, რაც ყველაზე მაღალი შედეგია. მას ასევე 23-ით მოსდევს ფუენლაბრადელი მელო ტრიმბალი, ხოლო მესამეადგილოსანი ნიკოლა მიროტჩის აქტივშია 21.7.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელი ყოველი ახალი თვის დასაწყისში ვლინდება.