„იბეროსტარ ტენერიფეს“ 30 წლის ქართველი ცენტრი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. გიორგი შერმადინმა მე-12 ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული მოიპოვა. ეს ჯილდო გიომ ყოფილ თანაგუნდელ ხაიმე ფერნანდესთან გაიყო.
შეგახსენებთ, რომ შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ უკანასკნელ ტურში „მურსიას“ 85:78 სძლია, გიორგი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 30:16 წუთში შერმადინმა 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ქართველმა ცენტრმა 9-დან 8 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 38-ი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონზე უკვე მეორედ, კარიერის განმავლობაში კი მეექვსედ დაასახელეს.
შერმადინისთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია, რაზეც მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები მიუთითებს – 27:46 წუთი, 18.2 ქულა (ლიგაში მე-4 მაჩვენებელი), 6.6 მოხსნა (მე-6), 1.8 პასი, 24.3 სარგებლიანობის კოეფიციენტი (მე-2).
შეგახსენებთ, რომ „იბეროსტარ ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში 7 მოგებითა და 5 წაგებით მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 14 დეკემბერს, სტუმრად, „მორაბანკ ანდორასთან“ ჩაატარებს.