გიორგი შერმადინი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი „ტენერიფესთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასზე ასპარეზობს. შეჯიბრებისთვის გუნდები კანარის კუნძულებზე ჩავიდნენ. პირველ ნახევარფინალში „სან პაულუმ“ „რიო გრანდე“ 90:71 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მეორე ნახევარფინალში კი შერმადინის „ტენერიფე“ აფრიკის ჩემპიონს, ტუნისის „მონასტირს“ შეხვდა და დიდი სხვაობით, 112:42 სძლია.
მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გიორგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, თუმცა რადგან თავიდანვე მოიპოვა დიდი უპირატესობა, მხოლოდ 11 წუთი ათამაშა. შერმადინმა ამ დროში თავისი საქმე მაინც გააკეთა: 10 ქულა, 3 მოხსნა.
მატჩის ბომბარდირი მისი ლიეტუველი თანაგუნდელი ტიმ აბრამაიტისი გახდა – 20 ქულა.
ფინალში „ტენერიფე“ „სან პაულუს“ შეხვდება. მატჩი 12 თებერვალს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გიომ საკონტინენტთაშორისო თასი „ტენერიფესთან“ ერთად 2020 წელს მოიგო.