გიორგი შერმადინმა 2021 წელი ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „რეალთან“ მატჩით გახსნა. „ტენერიფე“ მადრიდელებს ერთი მოგებით ჩამორჩებოდა და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცეოდა.
ტენერიფეზე გამართული თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მესამე პერიოდში შერმადინის პასებითა და მის მიერ ჩაგდებული ქულებით „ტენერიფემ“ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 66:56. თუმცა „რეალმა“ მატჩის ბოლოს ჩამორჩენა აღმოფხვრა და წინასწარ ცხადი იყო, გაიმარჯვებდა ის, რომელიც ბოლო წუთებს უკეთ ჩაატარებდა.
საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე „ტენერიფე“ 82:80-ს იგებდა. სწორედ ამ დროს შერმადინმა მეოთხე ჯარიმა მიიღო და მწვრთნელმა სამი წუთით დაასვენა. გიორგის გასვლის შემდეგ მადრიდელებმა 11:2 გაქცევა მოაწყვეს და თამაში თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
საბოლოოდ 92:85 „რეალის“ სასარგებლოდ.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელად გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც 25 წუთში 18 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა 14-დან 8 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა.
„ტენერიფეს“ 17 ტურის შემდეგ 14 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. „რეალი“ 16 მოგებით პირველია.