გიორგი შერმადინი - ეს ნამდვილად ის მომენტი იყო, როცა გაფრენა შემეძლო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გიორგი შერმადინმა, ისრაელის ნაკრების დამარცხების შემდეგ პრესკონფერეანციაზე ისაუბრა. ქართველმა ცენტრმა თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ბოლო წამზე გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ოვერტაიმში 71:69 მოიგო.
„პირველ რიგში დიდი მადლობა გულშემატკივარს, მადლობა ყველას იმ ატმოსფეროსთვის რაც სპორტის სასახლეში იყო. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს.მინდა ჩემი გუნდის წევრებს ეს გამარჯვება მივულოცო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი ჰქონდა და იყო ძალიან მოტივირებული. ბოლომდე ვიბრძოლეთ და შევძელით ამ გუნდის დამარცხება, რაშიც გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარა“, – განაცხადა საქართელოს ნაკრების კაპიტანმა.
შერმადინმა მის მიერ, ბოლო წამზე ჩაგდებულ გამარჯვების მომტან ორქულიანზეც ისაუბრა: – „ბოლო წამებს რაც შეეხება, ძალიან გახარებული ვარ. ეს ნამდვილად ის მომენტი იყო როცა შემეძლო გაფრენა. ბურთის ჩაგდების შემდეგ პირველ რიგში იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს მატჩი მოვიგეთ და მერე, რა თქმა უნდა ის, რომ ამდენი ხალხი ასეთი ბედნიერი იყო. ჩვენი მწვრთნელის სისტემამ ნამდვილად გაამართლა, მან დახაზა ეს კომბინაცია რამაც საბოლოოდ მატჩი მოგვაგებინა.“
საბოლოოდ ისრაელთან მატჩი შერმადინმა ორმაგი დუბლით – (10 ქულა 11 მოხსნა) დაასრულა. მანამდე კი ქართველმა გულშემატკივარმა, სპეციალურ გამოკითხვაში, იგი საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურის შეხვედრაში, ესტონეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.