გიორგი შერმადინი - ჩრდილოეთ მაკედონიაში გამარჯვებით მომდევნო ეტაპის საგზურს გავინაღდებთ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა სკოპიეს ბორის ტრაიკოვსკის დარბაზში ივარჯიშა, სადაც ხვალ, 27 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია 2 დღის წინ, თბილისში 91:70 დაამარცხა და ხვალ ტურნირის მეორე წრის მატჩში დაუპირისპირდება. ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კიდევ 2 წევრის – ესპანეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩი ცნობილი მიზეზების გამო გადაიდო.
დღევანდელი ვარჯიში მთლიანად კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. ილიას ზუროსმა ასისტენტებთან – მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად კალათბურთელებს ნახევარ მოედანზე, ცალ ფარში დაცვითი და შეტევითი კომბინაციები დაამუშავებინეს.
გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა, არაა ტრავმები და ყველა კალათბურთელი ბრძოლის მოლოდინშია. ჩრდილოეთ მაკედონიელებს რამდენიმე კალათბურთელი დაუბრუნდა, რომლებსაც ტრავმის გამო წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ.
ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას 23:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
gbf.ge