გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს #1TVSPORT

„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების გენერალურმა მენეჯერებმა ტურნირის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს.

ჩემპიონთა ლიგამ 16 გუნდის ხელმძღვანელი მე-2 წრის სტარტამდე გამოკითხა და სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულთა ჩამოთვლა სთხოვა. შერმადინმა გამოკითხვაში 36.4% მიიღო, ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა თურქული „პინარ ქარშიაქის“ მოთამაშეს, ვერნორ ქარის, მე-3 ადგილზე კი ასევე თურქული „თოფაშის“ ცენტრი ოსტინ ვილი (18.2%) გავიდა.

საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი საუკეთესოთა შორის კიდევ ორ ნომინაციაში მოხვდა: ჩემპიონთა ლიგის MVP-ს ტიტულის მაძიებელთა შორის ის იერუსალიმის „ჰაპოელის“ მოთამაშის, ლევი რენდოლფისა და ხსენებული ვილის შემდეგ დაასახელეს. გიორგი ასევე ფიგურირებს იმ კალათბურთელთა ჩამონათვალში, რომლებიც მეტოქე გუნდების მწვრთნელებს ყველაზე მეტ საფიქრალს უჩენენ. საინტერესოა, რომ ამ მხრივ პირველ ადგილზე „ტენერიფეში“ შერმადინის ბრაზილიელი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გავიდა.

ცნობისთვის, „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 6 მარტს ღამით ხსენებული „ჰაპოელ იერუსალიმის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთანაც პირველ წრეში სტუმრად 61:85 დამარცხდა. ეს ესპანური კლუბისთვის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი წაგებაა (2 გამარჯვების ფონზე) და, სწორედ „ჰაპოელის“ შემდეგ, K ჯგუფში მე-2 ადგილი უკავია.

აღნიშნულ ჯგუფში, „ტენერიფესა“ და „ჰაპოელის“ გარდა, თურქული „ქარშიაქა“ და ბერძნული „პერისტერი“ თამაშობენ, რომელთაც შერმადინი და მისი თანაგუნდელები ასევე მარტში დაუპირისპირდებიან. ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა, ჩემპიონის ვინაობა კი მაისში გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ „ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგა 2017 და 2022 წლებში აქვს მოგებული.