გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე ვერც დინამოელებმა შეაჩერეს (ვიდეო)
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში თავისი ჯგუფის ლიდერ „დინამო სასარის“ უმასპინძლა და იტალიური გუნდი უშანსოდ დატოვა – 115:85.
გამარჯვებაში ლომის წილი შერმადინმა დაიდო. მას არასრული 20 წუთი დასჭირდა საიმისოდ რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ქართველმა ცენტრმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. იგი მატჩის MVP (საუკეთესო მოთამაშე) გახდა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა. ტენერიფელთაგან ასევე გამოირჩნენ ბრუნო ფიტიპალდო, ფრან გუერა და ტაილერ კავანა, რომლებმაც 16-16 ქულა მიითვალეს. შერმადინის მომმარაგებელ მარსელინიო უერტასის ანგარიშზე 15 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის, ანუ პლეი ოფში თამაშის გარანტია მიიღო. ტენერიფელებს 4 მოგება და 1 მარცხი აქვთ და ჯგუფის ბოლო მატჩს 20 იანვარს, დანიაში, „ბაკენ ბიარსთან“ ჩაატარებენ.
გათამაშების სისტემის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 32 გუნდიდან (8 ოთხგუნდიანი ჯგუფი) პლეი ოფში 16 საუკეთესო გავა. შედგება 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი და თამაშები მიმოსვლით გაიმართება. თითო ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი, ანუ ჯამში 8 გუნდი რვათა ფინალში გავა, რომელიც, წინა გათამაშების მსგავსად, ანტიკორონავირუსული რეგულაციების დაცვით, „ბაბლის“ პრინციპით ერთ ქვეყანაში ჩატარდება.