გიორგი შერმადინმა ახალ საკლუბო სეზონში პირველი მატჩი გამართა. მას მცირე ტრავმა ჰქონდა და „ტენერიფეს“ სეზონის საწყისი მატჩები გამოტოვა, თუმცა მოედანს დღეს დაუბრუნდა და გულშემატკივარს შეახსენა, რომ გუნდის ლიდერია. მისი წინამძღოლობით „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე ლიეტუვური „რიტასი“ 89:74 დაამარცხა.
შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 22 წუთი, 18 ქულა, 6 მოხსნა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი და 11-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
19 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს, ხოლო მატჩის ბომბარდირი „რიტასის“ ამერიკელი ლეგიონერი ფოსტერი გახდა.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს გამართავს – ესპანეთის ჩემპიონატში „ბასკონიას“ უმასპინძლებს.