გიორგი შაშიაშვილი - „დინამოსთან“ თამაში რთულია, მაგრამ ქულებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
„სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა თავის ყოფილ კლუბთან, „დინამო თბილისთან“ მოახლოებულ მატჩის შესახებ ისაუბრა, მანამდე კი კომენტარი პირველ ტურში „თელავთან“ გამარჯვებაზე (1:0) გააკეთა.
„ჩვენს გულშემატკივარს ჩემპიონატში პირველი მატჩის გამარჯვებას ვულოცავ. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, სეზონის გახსნის მატჩი ყოველთვის მძიმე სათამაშოა. რა თქმა უნდა, ხარისხი ისეთი არ იყო, რაც მომავალ შეხვედრებში დაგვჭირდება, მაგრამ პირველი გამარჯვება ყოველთვის ძალიან კარგია.
მეორე ტურში „დინამო თბილისს“ ვეთამაშებით. უკვე ვიცით, რომ არა მხოლოდ „დინამო თბილისთან“, ეროვნულ ლიგაში ყველასთან რთული მატჩები გველის. თუმცა, ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად კარგ განწყობაზეა. ვიცით, მეტოქეს როგორ უნდა ვეთამაშოთ, როგორ დავხვდეთ და სუსტი წერტილები სად აქვს.
ამაზე ვიმუშავებთ და საამისოდ რამდენიმე დღე კიდევ გვაქვს, კარგად რომ მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, „დინამო თბილისთან“ გასვლაზე თამაში ყველა გუნდისთვის რთულია, მაგრამ ჩვენ გასასეირნებლად არ მივდივართ. ნებისმიერ გუნდთან ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქულები დავაგროვოთ“, – ამბობს გიორგი შაშიაშვილი.
ეროვნული ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა „დინამო თბილისისა“ და „სამტრედიას“ შორის შაბათს, 4 მარტს გაიმართება. თამაში გორში, „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.