გიორგი ქვილითაიამ სუპერგოლი გაიტანა და პენალტი ვერ გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა კვიპროსის პირველობაზე და საჩემპიონო ჯგუფში აპოელ-ს მოქმედ ჩემპიონ „არისთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:0.
ორივე ქართველი მოთამაშე – ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია (გუნდს კაპიტნობდა და 82-ე წუთზე შეცვალეს) ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა – ქვილითაიას მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ ისაამ ჩებაკემ დამატებაზე გაიტანა.
შეტევაში ლაშა დვალიც ხშირად ერთვებოდა და ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა. მე-19 წუთზე კი ქვილითაიამ საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, რამდნეიმე მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელიც მატჩის კომენტატორმა „ფანტასტიკურ გოლად“ შეაფასა.
45-ე წუთზე ქვილითაიამ „არისს“ მეორეც გაუტანა, მაგრამ ხელით თამაში დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 57-ე წუთზე კი პენალტი მოიპოვა და თავად დაარტყა, მეკარეც მოატყუა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. გიორგი ქვილითაიას მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი დაუგროვდა.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონატს აპოელ-ი 72 ქულით ლიდერობს და კონკურენტ ლარნაკას აეკ-ს ერთი ქულით aსწრებს. ჩემპიონის ვინაობაც, სავარაუდოდ, ბოლო ტურში ამ გუნდების დაპირისპირებაში გადაწყდება, რომელიც 11 მაისს აპოელ-ის მოედანზე გაიმართება.