გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა, აზერბაიჯანში თავი პაპუნაშვილმა გამოიჩინა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში ისევ გაიტანა და „არისს“ „ნეა სალამინასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.
სუპერლიგის მერვე ტურის დაპირისპირებაში ქართველი თავდამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა. კუთხურის მოწოდების შემდეგ სტუმრების მეკარემ და მცველმა შეუთანხმებლად ითამაშეს და ქვილითაიამ დამატებაზე ყველას დაასწრო.
„არისმა“ უპირატესობა მალე ორ ბურთამდე გაზარდა. სტუმრებს 24-ე წუთზე მეორედ ბენგტსონმა გაუტანა. სულ რაღაც ოთხ წუთში „ნეა სალამინამ“ ველიოსის გოლით სხვაობა შეამცირა. ამ გამარჯვების შემდეგ „არისი“ 20 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ქვილითაია 32-ე წუთზე შეცვალეს, რადგან დაშავდა, მაგრამ მძიმე ტრავმას გადაურჩა.
გიორგი პაპუნაშვილმა ისევ გამოიჩინა თავი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში და „ზირას“ გასვლაზე „აზალთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1. მე-11 ტურის დაპირისპირებაში „ზირას“ ქართველმა ლეგიონერმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. გიორგიმ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და ეფექტურად დარტყმით ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
აზერბაიჯანის პირველ ლიგაში კახა ცხადაძის „გაბალამ“ შინ „იმისლი“ ვერ დაამარცხდა (0:0), მაგრამ მეორე ადგილი შეინარჩუნა. ყაზახეთის პრემიერ ლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ, „ჟეტისუსა“ (გია ჩადუნელი, თემურ ჩოგაძე) და „ქაირათის“ (ლუკა გადრანი, გიორგი ზარია) დაპირისპირება ალმატელებმა 2:1 მოიგეს. ქართველებიდან მხოლოდ ლუკა გადრანმა არ ითამაშა, რომელსაც ტრავმა აქვს.
უზბეკეთის პროფლიგაში „ყიზილყუმმა“ (აკაკი შულაია, გიორგი კუხიანიძე, გუჯა ლობჯანიძე) „ფახთაქორი“ 2:0 დაამარცხა. სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, კუხიანძემ გუნდს უკაპიტნა, ლობჯანიძემ კი პირველი გოლი მე-10 წუთზე გაიტანა.
ირანის პრო ლიგაში გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა „პერსეპოლისში“, რომელმაც შინ „შამს აზარი“ 2:0 დაამარცხა. თურქეთის I ლიგაში გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა „ქოჯაელისფორში“, რომელიც „ანკარაგიუჯუსთან“ 2:4 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე შეცვლაზე შევიდა და ამის მიუხედავად, საუკეთესო შეფასება (7,4 ქულა) მიიღო.