გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო, მინიმუმ, ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიმასოლის „არისის“ თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში, აეკ-თან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და მოედანი მე-4 წუთზე დატოვა.
გამოცემა Sport-fm-ი წერს, რომ ქვილითაია დაზიანების გამო მოედანზე გასვლას 4-6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
„ქვილითაიამ კუნთის ტრავმა მიიღო და აეკ-თან შეხვედრის მე-4 წუთზე შეცვალეს. პირველადი შეფასებებით, ქართველ თავდამსხმელს სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა, მაგრამ მას მოუხდა სპეციალიზებული სამედიცინო გამოკვლევის (MRI) გავლა საბოლოო დიაგნოზისთვის.
როგორც ჩვენ „არისის“ პრესსამსახურის უფროსმა განგვიცხადა, ქართველმა თავდამსხმელმა მეორე ხარისხის დაზიანება მიიღო. ამიტომ „ანორთოსისთან“ „ალფამეგას“ სტადიონზე დაგეგმილ მომავალ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, ქვილითაია 4-6 კვირა ვერ ითამაშებს“, – წერია Ssport-fm-ის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, ამ მატჩამდე კვიპროსის ფეხბურთის პროფკავშირმა გიორგი ქვილითაიას სექტემბერ-ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა. ამ პერიოდში ჩატარებულ 8 მატჩში მან 5 გოლი გაიტანა.