გიორგი ქვილითაია - „გენტთან“ დამატებითი მოტივაციით ვითამაშებ, მაგრამ „დილასთან“ ჯერ არაფერი დასრულებულა #1TVSPORT
კვიპროსის აპოელ-ის თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გორის „დილასთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რიკადუ სა პინტოსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა იმ დამატებით მოტივაციაზე ისაუბრა, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, „გენტთან“ დაპირისპირებაში ექნება.
„როგორც ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. გვესმის, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. მთავარია, სათამაშო გეგმა შევასრულოთ და ეს მატჩი მოვიგოთ. სახლში ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ, მიზანს გულშემატკივრებთან ერთად მივაღწევთ.
რა შეტყობინებებს ვიღებ სამშობლოდან თამაშის შესახებ? სიმართლე გითხრათ, არ ვკითხულობ, რას წერენ. ის ვიცი, რასაც „დილაში“ ფიქრობენ – მათ შეუძლიათ, ამ დაპირისპირების ბედი შეცვალონ. პირველ შეხვედრაში ისინი კარგად გამოიყურებოდნენ და, რა თქმა უნდა, სჯერათ, რომ მოგების ძალა შესწევთ.
ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩისთვის ვემზადები, რათა შემდეგ ეტაპზე კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან ვითამაშო. საქართველოში თამაში იოლი არ იყო, რადგან მე პირველად გამოვდიოდი ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგის რიგებში. „გენტთან“ მეტი აგრესია და იმის განცდა მექნება, რომ რაღაც დავამტკიცო. იმ შეხვედრაში მოედანზე დამატებითი მოტივაციით ვიქნები“, – თქვა აპოელ-ის ქართველმა ვიცე-კაპიტანმა.
აპოელ-ისა და გორის „დილას“ მატჩი 17 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.