გიორგი ქვილითაიამ კომენტარი გააკეთა კვიპროსის ჩემპიონატში „ომონია 29“-სთან გატანილ გოლზე, რომელიც ლიმასოლის „არისის“ მაისურით მისთვის პირველი ოფიციალური გოლი იყო და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოუტანა.
„ძალიან რთული თამაში გვქონდა. პირველი ტაიმი კარგად ვერ დავიწყეთ, შემდეგ გასახდელში დავილაპარაკეთ, რაც საჭირო და სასარგებლო გამოდგა. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესად ჩავატარეთ და ვფიქრობ, ეს წინსვლის დასაწყისი იქნება.
ეს საუბრები გასახდელში სასარგებლოც აღმოჩნდა, რადგან ჩვენ გამოფხიზლება და გამარჯვება გვჭირდებოდა. მომენტები გვქონდა, მაგრამ ძალიან ვჩქარობდით. მეორე ტაიმში დავმშვიდდით და გატანა და მოგება მოვახერხეთ.
მიხარია, რომ ოფიციალურ შეხვედრაში „არისისთვის“ პირველად გავიტანე. ვცდილობ გუნდთან ადაპტირებას, რადგან „აპოელისგან“ განსხვავებული ტაქტიკით ვთამაშობთ და სხვა თანაგუნდელები მყავს. მაგრამ თავს სტუმარივით აღარ ვგრძნობ – უკვე გუნდის ნაწილი ვარ“, – ამბობს გიორგი ქვილითაია.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მაგრამ 33-ე წუთზე „არისის“ კაპიტანი, ტრავმირებული კოკორინი შეცვალა და 81-ე წუთზე გატანილი ბურთით შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.