გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ნაკრებში გამოძახებით ძალიან გახარებული ვარ #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ნაკრებში გამოძახებით ძალიან გახარებული ვარ #1TVSPORT

ესპანეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის ვილი სანიოლმა პირველად გამოიძახა ესპანური ლა ლიგა 2-ის „ლევანტეს“ ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც გუნდთან ადაპტაციაზე და მოახლოებულ თამაშებზე ისაუბრა.

გიორგი ქოჩორაშვილი: „რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში გამოძახებით. ვიცი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეროვნულ გუნდში მოხვედრა. ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელების დიდ ნაწილს აქამდეც ვიცნობდი. ერთად ადრეც გვითამაშია და სწორედ ამიტომ ადაპტაცია არ გამჭირვებია.

ვიმედოვნებ, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩებს, რომლებიც სექტემბერში გველის, კარგად ჩავატარებთ. დიდი იმედი მაქვს, ამ თამაშებისგან სიამოვნებას მივიღებთ ჩვენც და გულშემატკივრებიც. მზად ვარ, ჩემთვის გამოყოფილ დროში 100 პროცენტით დავიხარჯო, რათა დავეხმარო გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, სანდრო კალანდაძემ ისაუბრა – ვილი სანიოლმა „დინამო თბილისის“ 21 წლის მცველი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის შემდეგ მიიწვია.

სანდრო კალანდაძე: „ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა, ყველა კარგად შემხვდა. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ადრეც მითამაშია, მათ შორის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. შეკრების პირველივე დღიდან იგრძნობა ის პასუხისმგებლობა, რაც მოახლოებულ თამაშებს ახლავს. თუ შესაძლებლობა მომეცემა, მინდა, იმედები გავამართლო“.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთთან 20:00 საათზე დაიწყებს, ხოლო 12 სექტემბერს ნორვეგიას ოსლოში ესტუმრება (22:45).

ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.