გიორგი ქოჩორაშვილი - ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე, იმედია, მეც და ჩემი გუნდელებიც ასე გავაგრძელებთ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ ამბავს „ლევანტეს“ (სადაც ქოჩორაშვილი თამაშობს) სოციალური მედიის მენეჯერი ხავი, ტრადიციულად, ემოციურად გამოეხმაურა.
„გილოცავთ ამ ღირსეულ გამარჯვებას, ბიჭებო! აჩვენეთ, რომ თქვენი გუნდი ძალიან ძლიერია! კიდევ ბევრი მომელოცოს! განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი ბრილიანტით“, – წერს „ლევანტეს“ სოციალური მედიის მენეჯერი.
გიორგი ქოჩორაშვილმა კი საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში შესვენებაზე ნაკრების გასახდელში მომხდარი საინტერესო ამბავი გაამხილა.
„ძალიან გახარებულები ვართ, რომ დავბრუნდით და თბილისში ვითამაშეთ. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა თუ ვერ მოვიდა. გამარჯვება გასახდელში აღვნიშნეთ, მაგრამ ორ დღეში თამაში გვაქვს, არ უნდა გავჩერდეთ და იმ შედეგის მისაღწევად, რაც ჩვენ გვინდა, ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ და წინ წავიდეთ, პროგრესი მუდმივია.
გოლს რაც შეეხება, თუ გახსოვთ, პირველ ტაიმშიც იყო მსგავსი ეპიზოდი. ყოველთვის მიყვარს გუნდელებთან საუბარი და როდესაც შესვენებაზე გასახდელში შევედით, ჩაკვეტაძეს ვუთხარი, მეორე ტაიმში თუ იქნებოდა მომენტი, აუცილებლად თავი აეწია. როდესაც ჩავირბინე, დავინახე, რომ გიორგი მიყურებდა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ერთადერთი შანსი მქონდა დარჩენილი, მეკარესთვის ბურთი თავზე უნდა გადამეგდო. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ნაკრებში არასოდეს არ გამიტანია, ეს პირველი გოლია და იმედია, მეც და ჩემი გუნდელებიც ასე გავაგრძელებთ“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.