გიორგი ქოჩორაშვილი - ესპანეთს საქართველოსთან ადვილი თამაშები არ ელის
გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთისა და საქართელოს ნაკრებების ერთ ჯგუფში მოხვედრაზე ილაპარაკა. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებისა და „ლევანტეს“ საყრდენი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ „ფურია როხას“ მისი ქვეყნის ნაკრები დიდ წიანააღმდეგობას გაუწევს.
„ჩემთვის საქართველო არის ნიჭიერი მოთამაშეების ხარისხიანი გუნდი. ძალიან ახალგაზრდა და ძალიან კარგი მოთამაშეები მოდიან, რომელთაც საერთაშორისო დონეზე თავისი სიტყვის თქმა შეუძლიათ“, – ამბობს EFE-სთან გიორგი.
ფეხბურთელმა, რომელმის დებიუტი „ლევანტეს“ მთავარ გუნდში გასულ სეზონში შედგა, საინფორმაციო სააგენტოსთან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრები ლუის ენრიკეს გუნდთან ღირსეულ დაპირისპირებას შეძლებს.
„ჩემი აზრით, ესპანეთისთვის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. გუნდში ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელები არიან. გამოვარჩევდი ახალგაზრდა ჩაკვეტაძეს, კიტეიშვილსა და კვარაცხელიას. ჩვენთვის მთავარი იქნება ესპანეთის წინააღმდეგ თბილისურ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწროს. ჩვენ სახლში მათი თანდასწრებით თამაში ყოველთვის გვსიამოვნებს. ესპანეთის წინააღმდეგ სტადიონზე გულშემატკივრების მხარდაჭერა ნამდვილად დაგვეხმარება“, – განაცხადა გიორგიმ EFE-სთან ინტერვიუში.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის გარდა, საქართველოს მეტოქეები შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან.