საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა, „აიაქსის“ ყოფილმა მოთამაშემ და „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ის „რუბინში“ გუნდის ლიდერი 19 წლის ასაკში გახდა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ინგლისსა და ჰოლანდიაში, სადაც მე ვთამაშობდი, მასზე სულ მეკითხებოდნენ, თუ როგორი ფეხბურთელია და როგორ ვარჯიშობს. ამავე დროს, ინგლისში, პირველ რიგში, უყურებენ თუ როგორ თამაშობს ფეხბურთელი თავის ეროვნულ გუნდში. მჯერა, რომ ხვიჩას რუსეთში კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება. ასე ვეუბნები ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მას უყურებს. „რუბინმა“ იგი უნდა გაუშვას მხოლოდ ძალიან დიდი კლუბის შეთავაზების შემთხვევაში. ზოგადად, მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ ის სწორედ „რუბინში“ გამოდის“,- ამბობს ქინქლაძე.
ჩრდილოეთ მაკედონიელთა კაპიტანმა, გორან პანდევმა ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. არის თუ არა ასე? – ქინქლაძემ ამაზეც უპასუხა.
„ნაადრევია მისი საუკეთესოდ მონათვლა. ნიჭის მიხედვით, ჩემთვის პირველ ადგილზე კვარაცხელია და ჩაკვეტაძე არიან. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოედანზე არც ერთი არ იყო. კვარაცხელიაზე ადრეც ყველა ლაპარაკობდა, მაგრამ ბევრი ისეთი მახსოვს, რომლებზეც რეგულარულად ლაპარაკობდნენ და შემდეგ ისინი დაიკარგნენ. ხვიჩა სხვაა. ის ადრეული ასაკიდან ბუნებრივი სპორტსმენია. მუდმივად ფიქრობს იმაზე, უკეთესი როგორ უნდა გახდეს. მას აქვს ყველა მონაცემი დიდ ჩემპიონატში სათამაშოდ“, – აცხადებს ქინქლაძე.