გიორგი ქიმაძე - „ტორპედოს“ კარგი სერია აქვს და იმედია, ასე გავაგრძელებთ #1TVSPORT
გიორგი ქიმაძემ კომენტარი გააკეთა „სპაერთან“ საქართველოს თასის მატჩზე, რომელიც ქუთაისის „ტორპედომ“ მისი გოლით გასვლაზე 1:0 მოიგო და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალში „ტორპედო“ თბილისში „სპაერს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქუთაისელები 24-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ დააწინაურა და შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
„დაძაბული თამაში გამოვიდა. თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ და საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ. იყო ხელისშემშლელი პირობები, რამაც თამაშის ხარისხი განაპირობა. მაგრამ რაც მთავარია, შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. კარგი სერია გვაქვს და იმედია, ასეც გავაგრძელებთ. გულშემატკივრებმა თამაშზე დასასწრებად საკმაოდ დიდი გზა გამოიარეს, მაგრამ ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. ეს ჩვენთვის დიდი პლუსია, ფეხბურთი მათ გარეშე არაფერი არაა და მადლობა მათ“, – ამბობს ქიმაძე.
„რთული შეხვედრა გამოდგა, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვითამაშეთ. კარგია, რომ პირველ ტაიმში მოვახერხეთ გოლის გატანა და შემდეგ მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ. კარგია, რომ გავიმარჯვეთ, რასაც ბიჭებსაც ვულოცავ და ჩვენს გულშემატკივრებსაც“, – ეს ქუთაისის „ტორპედოს“ მცველის, ვაჟა ტაბატაძის შეფასებაა.
ქუთაისის „ტორპედო“ აგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას, რომელიც არსებობის ისტორიაში 4-ჯერ მოიპოვა, ხოლო ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ეს ჯილდო 2-ჯერ აღმართა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ გარდა, საქართველოს თასისთვის მეოთხედფინალში ბრძოლას აგრძელებენ „საბურთალო“, „დილა“, „ლოკომოტივი 2“, ლანჩხუთის „გურია“, „რუსთავი“, ქობულეთის „შუქურა“ და „დინამო თბილისი“.
ქუთაისის „ტორპედომ“ ამ მოგებით წაუგებელი სერია გააგრძელა – კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გუნდი ზედიზედ 9 მატჩია არ დამარცხებულა – 7 შეხვედრა ქუთაისელებმა ეროვნულ ლიგაში გამართეს, ხოლო 2 – საქართველოს თასზე.