გიორგი ქართველიშვილი - ფიბა-ში ეჭვიც არ გამოთქმულა თბილისის დარბაზის მშენებლობის დათქმულ ვადაში დასრულებასთან დაკავშირებით #1TVSPORT
გიორგი ქართველიშვილი - ფიბა-ში ეჭვიც არ გამოთქმულა თბილისის დარბაზის მშენებლობის დათქმულ ვადაში დასრულებასთან დაკავშირებით #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა ფიბა-ევროპის ბორდის სხდომა, რომელზეც შეირჩა ევრობასკეტი 2025-ის მასპინძლები – ლატვია, კვიპროსი, ფინეთი და… უკრაინა.

თუმცა იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მიუნხენში ევროპის წამყვანი საკალათბურთო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს – თბილისის საკალათბურთო დარბაზი, რომელმაც ევრობასკეტი 2022-ის 15 მატჩს უნდა უმასპინძლოს.

„ბორდის წევრიდან დაწყებული, ფიბა-ს რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, ყველა მეკითხებოდა ჩვენი დარბაზის შესახებ. მასზე მსჯელობასაც დიდი დრო დაეთმო. რამდენიმე თვის წინ შეიქმნა კომისია, რომელშიც შედიან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, სპორტის სამინისტროსა და ფიბა-ს წარმომადგენლები. ფიბა ყოველკვირეულად განახლებულ ინფორმაციას იღებს მშენებლობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, – გვითხრა ფიბა-ს ბორდის წევრმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა:

„შემუშავებულია სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სამშენებლო კომპანია ზედმიწევნით ასრულებს. ფიბა-ში ყველა კმაყოფილია და არანაირი პრეტენზია არა აქვთ. ეჭვიც არ გამოთქმულა თბილისის დარბაზის მშენებლობის დათქმულ ვადაში დასრულებასთან დაკავშირებით. 4 ივლისს სწორედ ახალ არენაზე უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ესპანეთთან. 15 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიხსნება, რომელშიც 20 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატზე დღეში ათი მატჩი უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ, ფიბა ითხოვს სამ სათამაშო მოედანს. მსგავსი კომპლექსი, რომელშიც სამი დარბაზია, ევროპაში ბევრი არ არის“.

 

რუსეთის საკითხი

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს სავარაუდო მეტოქე რუსეთია. ეს ნაკრები ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფშიც მოხვდა. ამასწინათ იტალიამ, ნიდერლანდებმა და ისლანდიამ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მსოფლიოს შესარჩევზე რუსეთის წინააღმდეგ თამაშს არ აპირებენ.

„მაისის ბოლოს გაიმართება ფიბა-ევროპის კონგრესი, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება რუსეთის ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატებზე დაშვება-არდაშვების საკითხი. ივლისამდე სანაკრებო დონეზე აქტიურობა არ არის, ამიტომაც გადაწყდა რუსეთის საკითხზე მსჯელობა მაისის კონგრესზე“, – რადგან რუსეთის შეჯიბრებებიდან მოხსნა არ გადაწყვეტილა, ფიბა-ს ბორდის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დიდი ალბათობით, ამ ქვეყანას ფიბა-ევროპაც ჩახსნის საერთაშორისო შეჯიბრებებიდან.

შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა – ვინ ჩაანაცვლებს რუსეთს?

„ევრობასკეტი 2022-ზე ორი ვარიანტი განიხილება: პირველი – ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრილი გუნდებიდან საუკეთესო რეიტინგის მქონე. და მეორე – შესარჩევზე რუსეთის ჯგუფის წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში ევრობასკეტზე საქართველოს ჯგუფში მონტენეგრო ჩაჯდება, მეორე შემთხვევაში – ჩრდილოეთ მაკედონია.  ამ საკითხზე ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომიტეტი უკვე მუშაობს. გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს მივიღებთ“.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს – საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფიდან უკვე გასულია. მეორე ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა ეს გუნდი ამ ტურნირსაც ჩაეხსნება და მისი ჯგუფიდან ჩვენი ჯგუფის სამ საუკეთესოს (საქართველო, ესპანეთი და, სავარაუდოდ, უკრაინა) შეხვდება იტალია, ნიდერლანდები და ისლანდია.

თუმცა რუსეთთან ნათამაშები ქულები რა პრინციპით გადმოჰყვებათ, ეს, შეიძლება, ფიბა-ში დიდი მსჯელობის საგანი გახდეს.

 

უკრაინა

ფიბა-ევროპის ბორდის სხდომაზე დამტკიცდა ევრობასკეტის სამი მასპინძელი: კვიპროსი, ფინეთი და ლატვია. მეოთხე, სავარაუდოდ უკრაინა იქნება.

გიორგი ქართველიშვილს მოვუსმინოთ:

„ბორდის სხდომაზე ​რამდენიმე საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა ერთზე მალევე შევთანხმდით – რუსეთი 2025 წლის ევრობასკეტის მასპინძლობის კანდიდატობიდან მოიხსნა. რატომღაც ისე მოხდა, რომ კანდიდატებმა, ესტონეთმა და უნგრეთმა ბოლო მომენტში თქვეს უარი მასპინძლობაზე. დარჩა ოთხი ქვეყანა – ლატვია, კვიპროსი, ფინეთი და უკრაინა.

უკრაინას შემოტანილი ჰქონდა განაცხადი ფინალური და ჯგუფური ეტაპის მასპინძლობისთვის. ომის დაწყების შემდეგ უკრაინელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მიღების განაცხადი დატოვეს.

უკრაინის უარის შესახებ, რომ შეიტყო, ფინალური ეტაპის მიღების სურვილი ლატვიამ გამოთქვა. რაც ფიბა-ევროპისთვისაც მისაღები აღმოჩნდა“.

მოულოდნელი იყო მასპინძლობის უფლების მიცემა კვიპროსისთვის…

„კვიპროსი ლეგენდარულმა ბერძენმა კალათბურთელმა დიმიტრის დიამანტიდისმა წარმოადგინა. მიუნხენში ჩამოვიდა კვიპროსის ფინანსთა მინისტრი, რომელმაც გარანტია მოგვცა, რომ 6-ათასიან დარბაზს 10-ათსიანად გადააკეთებენ.

ცალკე საუბრის თემა იყო უკრაინა. შევთანხმდით ასეთ განმარტებაზე – უკრაინასთან ექსკლუზიურად მიმდინარეობს საუბარი ნოემბრამდე. აქვე უნდა ითქვას: უკრაინა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს აუცილებლად უმასპინძლებს, თუ იმ დროისთვის იქ იქნება სათანადო კონდიციები, იქნება სიმშვიდე. თუმცა ფიბა-ევროპა უკრაინელებს საბოლოო დასტურს ოქტომბერ-ნოემბერში მისცემს, იმ დროის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ მანამდე ან უკრაინამ თითონ თქვა უარი, ან ისე განვითარდა მოვლენები, რომ ვერ შეძლო მასპინძლობა, მუშაობა გაგრძელდება გეგმა „ბ“-ზე: ფიბა-ევროპა იმუშვებს სხვადასხვა ფედერაცასთან, რომელსაც, შესაძლოა, ჰქონდეს ერთი ჯგუფის მასპინძლობის სურვილი. ვფიქრობ, უკრაინასთან დაკავშირებით ყველაფერი ლამაზად გამოვიდა. ფიბა-ევროპამ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო“.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. მასთან მატჩი ჩანიშნულია 1 ივლისს (სტუმრად). სად გაიმართება ეს შეხვედრა?

„ფიბა-ს შევთავაზეთ, ივლისის ფანჯრის მატჩები თბილისში „ბაბლის“ პრინციპით ჩატარდეს. უკრაინელებს პირველი ჯგუფური ეტაპის სამი თამაში აქვთ ჩასატარებელი, საქართველოს ორი. უკრაინელებთან მოვილაპარაკებთ, ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ, შეკრებასაც მოვუწყობთ და როგორც წესია, ისე ვუმასპინძლებთ. მათ საქართველოში თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ჩვენს გუნდთან თამაშს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ ორ შეხვედრაში ახალ დარბაზში შეკრებილი მაყურებელი უკრაინას თავიდან ბოლომდე გულით უქომაგებს. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და საბოლოო პასუხს მაისში მივიღებთ“.