გიორგი პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა და „რეალ სარაგოსას” გამარჯვებაში დაეხმარა. 23 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თავი ესპანური ლა ლიგა 2–ის 39–ე ტურში გამოიჩინა.
„რეალ სარაგოსა” საკუთარ არენაზე, „ესტადიო დე ლა რომარედაზე” „ხიხონს” დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.
„სარაგოსას” მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ ფერნანდესმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 66-ე წუთზე შეუშვა, როდესაც მასპინძლები 1:2-ს აგებდნენ. პაპუნაშვილმა, რომელსაც ესპანელები „პაპუს” უწოდებენ, 20 წამში ბურთთან პირველივე შეხებით „ხიხონის” კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კი,„სარაგოსამ” შეხვედრა შემოატრიალა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.
პაპუნაშვილი დიდი ხანი ტრავმირებული იყო და გუნდს სამი თვე ვერ ეხმარებოდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „რეალ სარაგოსას” აპრილის ბოლოს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „სარაგოსაში” სულ 12 შეხვედრა ჩაატარა და გოლი მეორედ გაიტანა.