გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი 40 მეტრიდან გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ. დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ მათე კვირკვიასა და გიორგი პაპუნაშვილის „ქიაფაზს“ უმასპინძლა. მატჩი 2:2 დასრულდა.

ვოლკოვი მასპინძელთა რიგებში მატჩის მიწურულს (79-ე წუთიდან) გამოჩნდა, „ქიაფაზში“ კი ქართველები ძირითადში იყვნენ და მხოლოდ შეხვედრის ბოლოს შეცვალეს.

გიორგი პაპუნაშვილმა ახალ გუნდში კარგი თამაში ჩაატარა და თავიც გამოიჩინა. 54-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ კვირკვია დატოვა, რომელმაც ვერ გაიტანა. მე-60 წუთზე კი გიორგიმ აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, თანაც ძალიან ეფექტური და კურიოზული.

ქართველმა ნახევარმცველმა ჯარიმა მარჯვენა ფლანგიდან, კარიდან დაახლოებით 40 მეტრის სიშორიდან შეასრულა. ბურთი ვერც მცველმა მოიგერია, ვერც მეკარემ და „საბაჰის“ კარში აღმოჩნდა. ამ გოლით გიორგიმ აუტსაიდერთა დაპირისპირებაში „ქიაფაზი“ გადაარჩინა და გუნდს ქულა მოუტანა.