გიორგი პაპუნაშვილი - ქუთაისის „ტორპედოს“ ამ შემადგენლობას ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია #1TVSPORT
გიორგი პაპუნაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა – 26 წლის ნახევარმცველი მალე თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდება. „დინამო თბილისის“, „ვერდერი 2“-ის, „სანტანდერის“, „სარაგოსასა“ და „აპოლონის“ ყოფილმა მოთამაშემ „ტორპედოში“ გადასვლაზე და მასთან დაკავშირებულ იმედებზე ისაუბრა.
„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი „ტორპედოს“ ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს, „ნიუ ვიჟენის“ მთელ შემადგენლობას ამ ნდობისთვის. რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოში“ ჩემს გადასვლას, დიდი ხანია საუბარი გვქონდა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისის „ტორპედო“ და სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო“, – ამბობს გიორგი პაპუნაშვილი.
ქუთაისელთა ახალწვეულმა გუნდის გულშემატკივრებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება გულშემატკივარს, ვიცნობ, რადგან ქუთაისში მომიხდა ბევრი თამაშის ჩატარება – ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისის „ტორპედო“ და როგორი გულშემატკივრობა შეუძლიათ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, მომავალ სეზონში გვერდში თუ დაგვიდგებიან, რადგან ახალი გუნდი ვართ, ახალი მიზნები და ამბიციები გვაქვს და მათი თანადგომა ძალიან დაგვჭირდება“.
გიორგი პაპუნაშვილმა გუნდის შემადგენლობაზეც ისაუბრა.
„გუნდის ძირითადი შემადგენლობის ბირთვს ვიცნობ და ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ მეც ამ გუნდის წევრი ვარ. ქუთაისის „ტორპედოს“ დღევანდელი ბირთვი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, თასისთვის, ევროტურნირებისთვის – მოხარული ვიქნები, თუ მაქსიმალურად ჩემს წვლილს შევიტან“.