გიორგი პაპავა საქართველოში დაბრუნდა და კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს #1TVSPORT
გიორგი პაპავა კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს – გამოცდილი ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა და ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება.
გიორგი პაპავა წლების განმავლობაში „დინამო თბილისის“ კაპიტანი იყო. მან გუნდი 2022 წლის ივლისში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და კარიერის უზბეკეთში გაგრძელება გადაწყვიტა – 30 წლის ნახევარმცველი თავიდან „ოლმალიქში“ თამაშობდა, წელს იანვარში კი ტაშკენტის „ფახთაქორში“ გადავიდა, მაგრამ ზაფხულში კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გიორგი პაპავა „საბურთალოს“აღზრდილია, მაგრამ პროფესიული კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, მერე წავიდა კვიპროსულ „ნეა სალამინაში“, ითამაშა გორის „დილასა“ და „რუსთავში“. 2019 წელს „დინამოში“ დაბრუნდა, რომლის მაისურით 182 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა, საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასი – ერთხელ.
პაპავა „გაგრაში“ სადებიუტო შეხვედრას, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს გამართავს – ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ერთმანეთს მისი ახალი და ყოფილი გუნდები დაუპირისპირდებიან – „გაგრა“ გორის „დილას“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე უმასპინძლებს.