გიორგი ნემსაძე - ნაკრებში ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ თამაში ყველასთან შეგვიძლია #1TVSPORT
გიორგი ნემსაძე - ნაკრებში ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ თამაში ყველასთან შეგვიძლია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ ეროვნული საფეხბურთო გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე წარმატებით ვითამაშებთ.

„ჩვენ ახლა ეროვნულ ნაკრებში ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ თამაში ყველა გუნდთან შეგვიძლია. რამდენიმე წელია, ერთად თამაშობენ, სელექცია სწორადაა ჩატარებული და რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც შეუძლიათ სუპრიზები შემოგვთავაზონ. ნაკრებში გამოცდილების და ახალგაზრდების სინთეზია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს გუნდი მომავლის გათვლით ყალიბდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი და მისი ხელძღვანელობა სწორი გზით მიდის.  ნორვეგია ძლიერია, მაგრამ ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია.

მაროკოსთან მარცხი? მწვრთნელს თუ აქვს საშუალება, რაც შეიძლება მეტ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, სადაც საინტერესო მოთამაშეებს გამოცდის. ამხანაგურ მატჩებს სწორედ ამისთვის იყენებენ, რომ გუნდი შესარჩევ ციკლამდე მომზადებული და ჩამოყალიბებული მივიდეს. რატომ ვხდებით ნორვეგიამდე მონღოლეთს? მეც ვიყავი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი და ვიცი, რომ ოფიციალურ თამაშამდე ყოველთვის ცდილობ, სუსტ გუნდს შეხვდე, გუნდი რომ გაიხსნას, რწმენა არ დაიკარგოს და მოთამაშეებს განწყობა აუმაღლო. ამიტომ მონღოლეთთან თამაში სწორი გადაწყვეტილება მგონია.

საქართველოს ნაკრებში ბევრი ფეხბურთელის იმედი მაქვს. კვარაცხელიას გარდა, სხვებიც არიან, ვისგანაც სანახაობრივ თამაშებს ველოდები.  ახალგაზრდულ ევრო 2023-ზეც ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს აქვს შანსი, თავს თუ გამოიჩენს, ევროპაში წავიდეს. ტურნირს ბევრი სელექციონერი დაესწრება და ეს დიდი სტიმულია. ასეთი შანსი იშვიათად მოდის.

ხვიჩაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება. კვარაცხელიასთან ნაკრებში (17-წლამდელებში) თითქმის ორი წელი ვიმუშავე. დავითაშვილია კარგი ფეხბურთელი, გელაშვილი, კიდევ რამდენიმე, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში მოვიაზრებ. ხვიჩას ჩაკეტილ თამაშებში შეეძლო თამაშის საკუთარ თავზე აღება, რაღაცის შექმნა, გატანა და მეტოქის დაცვის „გახსნა“. ბედნიერებაა, რომ გუნდში ასეთი მოთამაშეა და მიხარია, რომ ჩემთან რაღაც პერიოდი აკავშირებს“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.