გიორგი ნემსაძე - კვარაცხელიასთან 17-წლამდელთა ნაკრებში მიმუშავია, ის ნაკრებში მარცხენა ფლანგზე უფრო სასარგებლოა #1TVSPORT
გიორგი ნემსაძე - კვარაცხელიასთან 17-წლამდელთა ნაკრებში მიმუშავია, ის ნაკრებში მარცხენა ფლანგზე უფრო სასარგებლოა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“, გიორგი ნემსაძემ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელად გამოყენების შესახებ ისაუბრა – საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ „ნაპოლის“ ფორვარდი მისი ხელმძღვანელობით 17-წლამდელთა ნაკრებში ამ პოზიციაზე თამაშობდა.

„ხვიჩა კვარაცხელიასთან და 2001 წელს დაბადებულ სხვა ფეხბურთელებთან მუშაობა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მომიწია. ამ თაობიდან უკვე ბევრი ფეხბურთელია, ვინც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ჩემი შეხედულებით, კართან ახლოს ყოფნა და გუნდის იქიდან მართვა არაა მისი საუკეთესო ფუნქცია. ჩემი შეხედულებით, ხვიჩას რაც უფრო მეტი სივრცე აქვს და თამაშს მოედნის სიღრმიდან იწყებს, უფრო ეფექტურია. თუ სივრცე არ აქვს, მისი დადებითი თვისებები იკარგება.

გაიხსენეთ, კვიპროსთან შენგელიას ერთი შეხებით როგორი პასი გაუკეთა – აქედან გამომდინარე, ჩემი შეხედულებით, ხვიჩა ნაკრებში უფრო სასარგებლო იქნება, თუ მარცხენა ფლანგზე ითამაშობს, რაც მისთვისაც უფრო ჩვეული პოზიციაა. ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს, ვფიქრობ, სანიოლი ამ ყველაფერს ხედავს და თავის ჩვეულ პოზიციაზე დააყენებს.

ჩაკვეტაძის პროგრესით ძალიან გახარებული ვარ. ვიცოდით, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა. ნაკრებში მისი და ხვიჩას ტანდემი ძალიან ეფექტურია, თამაშიდან თამაშამდე უფრო მეტს იღებს საკუთარ თავზე და მომენტებსაც ქმნის. მახარებს, რომ ხვიჩას გარდა კიდევ ერთი შემქმნელი ყაიდის ფეხბურთელი გამოჩნდა.

საყრდენი ნახევარმცველების კუთხით ცუდად არაა საქმე, მაგრამ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებულიც არაა. ეს ის პოზიცია, სადაც ფეხბურთელი ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს არა მხოლოდ დაცვით და შემტევ, არამედ, თითქმის ყველა ფუნქციაში, ძალიან რთული ამპლუაა, მაგრამ გვყავდა კარგი მოთამაშეები და ვფიქრობ, კიდევ გამოჩნდებიან. დღესაც არიან მოთამაშეები, ვისაც მეტი შეუძლიათ“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.