გიორგი ნემსაძე - გიორბელიძე მატჩში 13-14 კილომეტრს დარბის, მას ნაკრებში თამაში შეუძლია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე დარწმუნებულია, რომ ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გადასულ გურამ გიორბელიძეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის პოტენციალი აქვს – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ილაპარაკა
„მე გურამის ტრანსფერს ამბავი რომ გავიგე, მოთამაშის კუთხით შევხედე და ხელის შეშლასა და მის გაჩერებაზე არც მიფიქრია. გიორბელძეს აქვს დიდი პოტენციალი და მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებს, თამაშებზე 13-14 კილომეტრს დარბოდა, დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევასაც. ევროპის ლიგის გუნდში წავიდა და თუ იქ დამკვიდრდება, დარწმუნებული ვარ, ნაკრებში ითამაშებს“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.
მან სანაკრებო თემაზე იმედიანად ილაპარაკა: „ბოლო დროს ნაკრები მომწონს, რადგან გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს. რა თქმა უმდა, ხარისხი მოსამატებელია, მაგრამ ერთად დიდხანს ნათამაშებ გუნდს ჰგავს. ამ შემადგენლობით გუნდი კიდევ დიდხანს ითამაშებს და ხვალინდელ დღეს იმედით ვუყურებ“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის თქმით, ამ იმედს ახალი ტალანტის გამოჩენა უმყარებს: „გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემთან 17-წლამდელებში თამაშობდა. პიროვნულად და როგორც სპორტსმენიც მომეწონა და დარწმუნებული ვარ, დიდი ფეხბურთს ითამაშებს. ისე გამოიყურება და ისე იოლად თამაშობს, თითქოს რუსეთში 15 წელია გამოდის“.