გიორგი მუსხელიშვილი უშუს ფედერაციის ახალი პრეზიდენტია #1TVSPOR
გიორგი მუსხელიშვილი უშუს ფედერაციის ახალი პრეზიდენტია #1TVSPOR

უშუს ეროვნულ ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, გიორგი ვერულძე საკუთარი სურვილით გადადგა, პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ გიორგი მუსხელიშვილი დარჩა, რომელიც 2018 წლიდან იყო უშუს ფედერაციის გამგეობის წევრი და საპატიო პრეზიდენტი.

არჩევნებში ხმის უფლების მქონე 12 დელეგატი მონაწილეობდა, რომლებმაც მუსხელიშვილი ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. ამას გარდა, აირჩიეს ფედერაციის გამგეობის წევრები, გენერალური მდივანი და ხაზინადარი. უშუს ფედერაცია უკვე მეორე სპორტული ფედერაციაა, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნები ახალი, დემოკრატიული წესებით ჩაატარა, რაც ფარულ კენჭისყრას გულისხმობს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 16 დეკემბრის ბრძანებით, სპორტული ორგანიზაციებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები დამტკიცდა. მოცემული პრინციპები განსაზღვრულია იმ ეროვნული სპორტული ფედერაციებისთვის, რომლებიც აღიარებულია სამინისტროს მიერ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებენ.

სამინისტრომ დოკუმენტი შეიმუშავა სპორტული ორგანიზაციების მართვაში დემოკრატიული და გამჭვირვალე პრინციპების დამკვიდრების მიზნით. სახელმძღვანელო პრინციპებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, შემუშავებულია ფედერაციების მიერ წესდების დამტკიცების/წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცესში გათვალისწინების მიზნით და არ ზღუდავს ფედერაციების დამოუკიდებლობას. ამასთან, ფედერაციის მიერ სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევის ან თავის წესდებაში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამინისტრო იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ფედერაციის დაფინანსება.

სახელმძღვანელო პრინციპებში გაწერილია ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარის არჩევის წესი და ვადები. მოცემულ პოზიციებზე კანდიდატები აირჩევიან ოთხი წლის ვადით და ეს შეიძლება მოხდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

დოკუმენტში გაწერილია ასევე ფედერაციის წევრობასთან დაკავშირებული საკითხები და ფედერაციის საერთო ყრილობის მოწვევის წესი და ვადები. კერძოდ, ფედერაციის რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა წელიწადში ერთხელ, ხოლო საარჩევნო რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა არაუგვიანეს 4 წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადის გათვალისწინებით.