გიორგი მოისწრაფიშვილი უკრაინაში ითამაშებს - „დინამოსთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდი #1TVSPORT
სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე „დინამო თბილისი“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა დატოვა და კარიერას უკრაინაში, კოვალივკას „კოლოსში“ გააგრძელებს, სადაც ახლახან ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ჩაირიცხა, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელმა დაუდასტურა.
„გადაწყვეტილია, რომ „დინამო თბილისს“ დავტოვებ და კარიერას უკრაინაში, კოვალივკას „კოლოსში“ გავაგრძელებ, სადაც ნიკა გაგნიძე თამაშობს. „დინამოსთან“ კონტრაქტი ოთხი თვის შემდეგ მიმთავრდებოდა და ხელშეკრულების გაწყვეტაზე შევთანხმდით.
„კოლოსთან“ კონტრაქტი სამი დღის წინ გავაფორმე და ოფციონის სისტემით 1+1-წლიან ხელშეკრულებაზე შევთანხმდით. უკვე ბარგს ვალაგებ და ხვალ დილით გავემგზავრები კიევში, სადაც გუნდი ოფიციალურად წარმადგენს.
უკრაინაში თამაში საშიში ხომ არ არის? გუნდი კიევშია გადასული, სადაც, როგორც მითხრეს, ამჟამად სიმშვიდეა. მიუხედავად ომისა, უკრაინაში ფეხბურთი საკმარისად კარგ დონეზეა და იმ იმედით მივდივარ, რომ კარგ სეზონს ჩავატარებ. ფიზკურადაც თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ უფრო მოვუმატებ.
მადლობა, მინდა, ვთქვა „დინამო თბილისის“ მიმართ, რადგან ამ კლუბმა გამზარდა და საშუალება მომცა, თავი წარმომეჩინა. დარწმუნებული ვარ, ეს სკოლა კარიერის აწყობაში დამეხმარება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი მოისწრაფიშვილი.