გიორგი მიქაუტაძეს შოთა არველაძე „ჰალ სიტიში“ იწვევს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს შოთა არველაძე „ჰალ სიტიში“ იწვევს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, ინგლისში წავიდეს და კარიერა შოთა არველაძის „ჰალ სიტიში“ გააგრძელოს – გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს.

გიორგი მიქაუტაძემ დიდი როლი ითამაშა, „სერენმა“ ბელგიის ჩემპიონატში ადგილი რომ შეინარჩუნა. გუნდმა პლეი ოფში „მოლენბეკიორმატჩიან რაუნდში დაამარცხა – გასვლაზე მოგებული 1:0-ის შემდეგ, საშინაო არენაზე 0:0 დაასრულა, ეს ერთადერთი გოლი კი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი ფრანგულ „მეცს“ ეკუთვნის, ბელგიურ კლუბთან იჯარა დაუსრულდა და უნდა დაბრუნდეს „მეცში“, რომელიც ლიგა 2-ში გავარდნის რეალური კანდიდატი იყო, მაგრამ ბოლო თამაშების მოგებით პლეი ოფში თამაშის შანსი გაუჩნდა.

რაც შეეხება შოთა არველაძის ინტერესს – მიქაუტაძის მიმართ დაინტერესება ახალი არაა, არველაძეებს საფრანგეთში გაზრდილი ნიჭიერი ქართველის მიმართ ინტერესი აქამდეც ჰქონდათ. როგორც შევიტყვეთ, ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ინტერესი რეალურია და მოლაპარაკებაც დაწყებულია.

ინგლისში ქართველი ფეხბურთელებისთვის გადასვლა დიდ ბრიტანეთის შრომის სამინისტროს მკაცრი კრიტერიუმების გამო გართულებულია. სამუშაო ვიზის მისაღებად, მოთამაშემ 15 პუნქტი უნდა დააკმაყოფილოს, მაგალითად, ბოლო 2 წელიწადში ნაკრების შეხვედრების 75 პროცენტი უნდა ჰქონდეს ნათამაშები, ხოლო მისი ნაკრები ფიფა-ს რეიტინგის საუკეთესო 70 გუნდში უნდა იყოს.

შეთანხმების შემთხვევაში, ინგლისში არსებული შეზღუდვები მიქაუტაძეს ვერ დააბრკოლებს, რადგან ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს მოქალაქეობის გარდა, საფრანგეთის პასპორტიც აქვს და „ჰალ სიტისთან“ კონტრაქტის შემთხვევაში, სამუშაო ვიზას უპრობლემოდ მიიღებს. მაგრამ საკითხი ჯერ გადასაწყვეტია.

რაც შეეხება შოთა არველაძის გეგმებს, ქართველ მწვრთნელს „ჰალ სიტიში“ ათამდე ძლიერი მოთამაშის მიყვანა სურს, ახალ სეზონში გუნდი საგრძნობლად რომ გააძლიეროს.