გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა - „ლიონი“ „რენთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა - „ლიონი“ „რენთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„ლიონში“ დაბრუნებულ გიორგი მიქაუტაძეს სადებიუტო შეხვედრაში თავის გამოჩენა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა, მისი გუნდი კი „რენთან“ გასვლაზე 0:3 დამარცხდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი და ევრო 2024-ის თანაბომბარდირი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

სტუმრებმა თამაში ცუდად დაიწყეს და „რენმა“ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. მე-19 წუთზე ბენჟამინ ბურიჟომ საჯარიმო გოლად გარდასახა, ხოლო 21-ზე „ლიონის“ სენეგალელ მცველს, მუსა ნიახატეს უყურადღებობა ამინ გუირიმ არ აპატია.

მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, კარში რამდენჯერმე დაარტყა, შეტევები გაამწვავა, მასთან უხეშობისთვის „რენის“ მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. 72-ე წუთზე კი ქართველს გატანის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა – „რენის“ მეკარემ, სტივ მანდანდამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია.

საბოლოოდ, „რენმა“ 90+1-ე წუთზე უპირატესობა ჰენრიხ მაისტერის გოლით გაზარდა და „ლიონმა“ ლიგა 1-ის პირველ ტურში დიდი ანგარიშით წააგო.