გიორგი მიქაუტაძემ „ბეერსჰოტს“ გაუტანა - გოლის გრძნობა დამიბრუნდა და ბედნიერი ვარ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „ბეერსჰოტს“ გაუტანა - გოლის გრძნობა დამიბრუნდა და ბედნიერი ვარ #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატში მისთვის უჩვეულო უგოლო პაუზა შეწყვიტა და „სერენს“ მატჩის მოგებაში დაეხმარა.

ჯუპილერლიგის 24-ე ტურში აუტსაიდერების მატჩი გაიმართა. ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფმა ქართველი თავდამსხმელის გუნდმა აუტსაიდერ „ბეერსჰოტს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მატჩის გმირი გახდა. მას ანგარიშის გახსნა მე-4 წუთზე შეეძლო, როდესაც საჯარიმოში მცველებს მოედნის პატარა მონაკვეთში თავბრუ დაახვია და სტუმრები მეკარემ გადაარჩინა.

მე-40 წუთზე გიორგიმ პენალტით ანგარიში გახსნა, შემდეგ მეტოქემ წონასწორობა აღადგინა და „ბეერსჰოტის“ კარში გოლი ისევ გიორგის აქტიურობას მოჰყვა. 57-ე წუთზე, მიქაუტაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო მეტოქის კარი მეორედ იუსუფ მასიზმა აიღო და „სერენმა“ 2:1 მოიგო.

24 ტურის შემდეგ „სერენი“ 22 ქულით მე-17 პოზიციაზეა და „ბეერსხოტთან“ (12) უპირატესობა გაზარდა, მაგრამ „ზულტე ვარეგემს“ (24) კიდევ ჩამორჩება.

„ეს მოგება დიდი სიხარულია, რადგან მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ბევრი ვიმუშავეთ. ამ მატჩში ეს მონდომება დაგვიფასდა. დიდი ხანია, არ მოგვიგია და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. უნდა მოგვეგო, რათა „ბეერსხოტისთვის“ თამაშის გადარჩენის შანსი არ დაგვეტოვებინა. ახლა „ეუპენთან“ შეხვედრისთვის მოვემზადებით. რაც შეეხება ჩემს გოლს, ბომბარდირისთვის მნიშვნელოვანია გატანა. ეს გრძნობა დავიწყებული მქონდა და ახლა ისევ დავიბრუნე“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.